ირაკლი ქასრაშვილი ყოველთვის დაინტერესებული იყო საკუთარი საქმის დაწყებით, ბევრს კითხულობდა სხვადასხვა თემებზე, დაწყებული ბიზნეს-გამოცემებით და დამთავრებული სპეციალური ლიტერატურით. არ არის გასაკვირი, რომ დიდი ცოდნის მარაგი დააგროვა, თუმცა არავის გაკვირვებას არ ცდილობდა. როდესაც ჩეხურმა
ორგანიზაციამ “ადამიანი გაჭირვებაში”დაიწყო მუშაობა ტყიბულის რაიონში, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არა მარტო დაინტერესდა, არამედ სავსებით გაიაზრა და შესანიშნავად გამოიყენა საკუთარი საქმის დაწყების შემოთავაზებული შანსი.
ირაკლიმ წარმოადგინა პროექტი სამეფუტკრეო მეურნეობის მხარდაჭერაზე, შემდეგ გააფართოვა საქმიანობის სფერო და დაიწყო სკების დამზადება. 2009 წელს მან მიიღო გრანტი მწყერის მოშენებაზე და წარმატებით განავითარა უკვე დაწყებული საქმე. საკონკურსო შერჩევის ყველა ეტაპზე ირაკლი ყველაზე საუკეთესო მონაწილეთა შორის იყო. როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენეფიციარს “ადამიანმა გაჭირვებაში” შარშანდელი პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში დამატებით გადასცა მას ხის დასამუშავებელი დანადგარი, რომლის მეშვეობით ის შესძლებს უკვე ავეჯის დამზადებასაც.
მაია კეზევაძე კომუნიკაბელური, აქტიური, მომხიბვლელი ქალბატონია. ალბათ, თვით მისმა საცხოვრებელმა ადგილმა, გელათში განაპირობა მისი ინტერესი აგროტურიზმის მიმართ. გელათის სამონასტრო კომპლექსი ხომ იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი და აქ ყოველთვის მრავლად არიან
უცხოელი ტურისტები. მაგრამ სასტუმრო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ისინი იძულებულნი არიან ღამის გასათევად დაბრუნდნენ ქუთაისში. ამიტომ “ადამიანმა გაჭირვებაში” შარშან მხარი დაუჭირა რამდენიმე პროექტს, რომელთა მიზანი იყო სასტუმრო სახლების მოწყობა გელათში. პროექტების ჩარჩოში ძირითადად განხორციელდა მცირე რემონტი და სველი წერტილების შეკეთება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მხარდაჭერილ განცხადებლებს შორის იყო მაია კეზევაძე. მაია აფართოებს საქმიანობას, მასთან საკმაოდ ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები. ფაქტიურად მაიას თაოსნობით ჩამოყალიბდა აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია “ქორენა”, რომელშიც 9 ადამიანი გაწევრიანდა. ქორენამ მიიღო პინ-ისაგან გრანტი სარეკლამო ბუკლეტის დაბეჭდვაზე. მაიას, როგორც ასოციაციის თავმჯდომარეს, ჰქონდა შეხვედრები ტყიბულის მერიაში, რის შედეგად “ქორენას” გამოუჰყვეს გარკვეული სახსრები ტურისტული მარშრუტის მარკირებაზე, რაც წარმატებით განხორციელდა. მაიას დიდი გეგმები აქვს, მას სურს ტყიბულის რაიონის ფიზიკური რუკის გამოშვება, სადაც დატანილი იქნება გელათისა და ოკრიბას ღირსშესანიშნაობები და სასტუმრო სახლები.
გიორგი ბუხაიძე პინ-ის მიერ დაფინანსდა 2006 წელს. გიორგის ადრეული ასაკიდანვე იზიდავდა საიუველურო ხელობა, ბეჯითად ეუფლებოდა მის საფუძვლებს. ყოველთვის ლამაზი, დახვეწილი სამკაულები გამოსდიოდა ხელთ. გიორგი თავდაპირველად ძირითადად გიშერზე მუშაობდა, ხოლო შემდეგ დაიწყო გიშრის ნაკეთობების ოქროთი და ვერცხლით მოვარაყება. მას კარგად იცნობენ არა მარტო ტყიბულში, არამედ
ქუთაისის და თბილისის სამხატვრო სალონებში და საიუველირო მაღაზიებში, სადაც სიამოვნებით იბარებენ მის მიერ დამზადებულ დიზაინერულ ნაკეთობებს.
ოლია ანისიმოვამ პინ-ის მხარდაჭერით 2006 წელს გახსნა სამკერვალო სახელოსნო. მისთვის შეძენილი იქნა სამკერვალო მანქანები, ინვენტარი. ოლია ბავშვობიდან გატაცებული იყო კერვით და ძალიან კარგად კერავდა. ახლობლები ყოველთვის თხოვდნენ რამე შეეკერა ან დაგაეკეთებინა. “შენ ხომ ოქროს ხელები გაქვს”, - ეუბნებოდნენ მას. როცა საგრანტო განაცხადი შეიტანა, ოლია უკვე გამოცდილი მკერავი გახლდათ, ახლა კი ეძლეოდა საშუალება დაეწყო საკუთარი ბიზნესი. მან მშვენივრად გამოიყენა ეს შესაძლებლობა, შექმნა რა შემოსავლის წყარო არა მარტო თავისთვის, არამედ რამდენიმე ქალბატონისთვისაც. მის სამკერვალო ატელიეს კარგად იცნობენ ტყიბულში. ოლიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ნეტვორკინგის ტრენინგების დროს დაიბადა აზრი მომსახურების ასორტიმენტის გაფართოვების შესახებ და შესაძლებელია ოლია ახლო მომავალში უკვე რბილი ავეჯის დიზაინერის როლში ვიხილოთ.
მანანა ჩარგაზია ტყიბულის ერთ-ერთი საუკეთესო სილამაზის სალონის
მეპატრონეა. პინ-მა შეიძინა მისთვის საჭირო ინვენტარი, შემდეგ კი ჩუქებით გადასცა შეძენილი ქონება. გარდა იმისა, რომ სალონის მეპატრონეა, მანანა თვითონაც შესანიშნავი პარიკმახერია, ასრულებს ნებისმიერი სირთულის ვარცხნილობებს, შეღებვას, ქალბატონები აღფრთოვანებულნი არიან მისი ხელობით. მანანა ჩარგაზიას დევიზია “სწრაფად, ხარისხიანად, იაფად!”