საწარმოს (იურიდიული პირის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობები
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის
რეგისტრაციის ვადა და საფასური
სად შეიძლება საწარმოს დარეგისტრირება?
როდის დგება გადამხდელად დარეგისტრირების ვალდებულება?
საწარმოს რეგისტრაცია
საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით.
საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფუძველზე.
საწარმოს (იურიდიული პირის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობები
საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხდება განცხადებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოსათვის დადგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
განცხადება შეიტანება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით. განცხადება ყველა საწარმოსათვის სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს:
1. საფირმო სახელწოდებას (ფირმას);
2. ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;
3. ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);
4. ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);
5. წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
კომანდიტური საზოგადოებისათვის, ზემოთჩამოთვლილის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილ იქნეს საბუთი ფაქტობრივად განხორციელებული შენატანის შესახებ.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის დამატებით საჭიროა მიეთითოს:
ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ;
ბ) საწარმოს ხელმძღვანელის (ყოველი დირექტორის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება, ნომერი, პირადი ნომერი.
განცხადებას ერთვის შემდეგი დოკუმენტები:
ა) საზოგადოების წესდება (2 ეგზემპლიარი);
ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას - შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;
გ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის - დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებულნი არიან, წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.
სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე, თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).
რეგისტრაციის ვადა და საფასური
რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საწარმო სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თუ 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა ხარვეზის ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება.
რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
საწარმოთა რეგისტრაციის საფასურია:
ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 60 ლარი;
ბ) კომანდიტური საზოგადოება - 80 ლარი
გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 160 ლარი
დ) სააქციო საზოგადოება - 360 ლარი
ე) კოოპერატივი -120 ლარი
ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესი და პირობები
ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს.
ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს განცხადებას 2 ეგზემპლიარად, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
შევსებული განცხადების ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- საფირმო სახელწოდებას;
- ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს;
- ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს);
- ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას
რეგისტრაციის ვადა და საფასური
რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური საწარმო სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა მოტივირებული უარის შესახებ, ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის არ გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი.
სად შეიძლება საწარმოს დარეგისტრირება?
იმერეთის რეგიონში საწარმოს დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ მომსახურების ცენტრებში:
- ქუთაისის რეგიონული ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
- ქუთაისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს ზესტაფონის განყოფილება;
- ქუთაისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს სამტრედიის განყოფილება.
ქუთაისის რეგიონული ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. №1. აღნიშნული ცენტრი ემსახურება შემდეგ რაიონებს: ქ. ქუთაისი, წყალტუბო, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი.
ქუთაისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს ზესტაფონის განყოფილება მდებარეობს მისამართზე: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5. აღნიშნული განყოფილება ემსახურება შემდეგ რაიონებს: ზესტაფონი, თერჯოლა, საჩხერე, ტყიბული, ხარაგაული, ჭიათურა.
ქუთაისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს სამტრედიის განყოფილება მდებარეობს მისამართზე: ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6. აღნიშნული განყოფილება ემსახურება შემდეგ რაიონებს: სამტრედია, ვანი, ხონი.
რაიონული მომსახურების ცენტრები ახორციელებენ საწარმოების იურიდიულ მომსახურებას, ხოლო გადასახადების ადმინისტრირების საკითხებს წყვეტს ქუთაისის რეგიონული ცენტრი. ფიზიკურ პირს და ინდმეწარმეს უფლება აქვს დარეგისტრირდეს გაცხადებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
როდის დგება გადამხდელად დარეგისტრირების ვალდებულება?
საქართველოს “მეწარმეთა შესახებ კანონის” მუხლი 1, პუნქტი 1 და 2-ს შესაბამისად გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დგება, თუ პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ანუ მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ვალდებულება არ დგება, თუ ფიზიკური პირი ახორციელებს სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტორული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობას.