გამოფენის მიზანი იყო საქართველოში შიგა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და უცხოური ტუროპერატორების დაინტერესება ქვეყანაში არსებული შესაძლებლობებით.
ასოციაცია “ქორენა” შეიქმნა შარშან, აგროტურიზმის ხელშეწყობის პროგრამის ჩარჩოში. მასში გაერთიანდა გელათის მიდამოებში მცხოვრები რამდენიმე სასტუმრო სახლის მეპატრონე. მიუხედავად არსებობის საკმაოდ მცირე პერიოდისა, “ქორენას” აქტივშია ისეთი ღონისძიებები, როგორც გელათი-ცუცხვათის ტურისტული მარშრუტის მარკირება, ოკრიბის ფიზიკური რუკის გამოშვება, ასოციაციის შესახებ ფერადი ბუკლეტის დაბეჭდვა. თუმცა “ქორენასთვის” ეს იყო პირველი გამოცდილება ასეთი რანგის ღონისძიებაში მონაწილეობისა და სავსებით ბუნებრივი იყო მღელვარება და სურვილი საუკეთესო შუქში წარმოეჩინათ თავიანთი საქმიანობა და შესაძლებლობები კავკასიის რეგიონის ტურისტული ბაზრის საკვანძო მოთამაშეების წინაშე.
“ქორენამ” საგანგებოდ მოამზადა დახვეწილი სლაიდ-შოუ, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც სასტუმრო სახლების ინტერიერები, ასევე ოკრიბის მშვენიერი ხედები და ღირსშესანიშნაობები. ასოციაციის თავმჯდომარე მაია კეზევაძე, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას, მისთვის ჩვეული მომხიბვლელობით დაწვრილებით პასუხობდა ქართველი და უცხოელი მნახველების მრავალრიცხოვან შეკითხვებს, რაშიც ეხმარებოდა თარჯიმანი, ავრცელებდა სარეკლამო ბუკლეტებს, რუქებს, საზიტო ბარათებსა და სუვენირებს.
პირველი დღის დასასრულს, 23 აპრილის საღამოს მოეწყო გამოფენის პრეზენტაცია, რომელსაც სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ასევე ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ბ-ნი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები. გამოფენის ყველა მონაწილემ წარადგინა თავი და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. შედეგად ასოციაცია “ქორენა” შერჩეული იქნა დეპარტამენტის სასტუმრო სახლების მონაცემთა ბაზაში შესაყვანად.
ეს იყო მართლაც ძალიან დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეები, “ქორენამ” მაქსიმალურად შესძლო ამ შესანიშნავი შანსის გამოყენება ბიზნეს-კონტაქტების დამყარებისა და საკუთარი თავის პოპულარიზაციისათვის. გამოფენის დასასრულს მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მრავალი ქართული და უცხოური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო “ქორენას” და უკვე შედგა წინასწარი შეთანხმებები ტურისტულ მარშრუტებში გელათის შეტანის შესახებ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოფენის ორგანიზატორების გულისხმიერი დამოკიდებულება ასოციაციის მიმართ, მათ მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.
25 აპრილს, გამოფენის მუშაობის დასასრულს ორგანიზატორებმა მოაწყვეს დაუვიწყარი საღამო რესტორანში “ფაეტონი”, სადაც არაფორმალურ, მეგობრულ ვითარებაში მონაწილეები საუბრობდნენ გამოფენის შედეგებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, სახავდნენ სამომავლო გეგმებს. ეს იყო მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება “ქორენასთვის”, რასაც წარმატებით გაართვა თავი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ “ქორენა” და პირველ რიგში მისი ხელმძღვანელი მაია კეზევაძე შესძლებენ დამყარებული ურთიერთობების განვითარებას და ახალი სტიმულის მიცემას ასოციაციის მოღვაწეობისათვის.

